წინათქმა

მოგზაურთა შთაბეჭდილებები

იშვიათია ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა თუშეთში, ურთიერთობა ჰქონია ამ გულგახსნილ და უკიდურესად სტუმართმოყვარე ხალხთან, უგრძვნია ის უცნაური ნაზავი სევდისა და ცხოვრების სიხარულისა, რომელსაც თუში, როგორც თავისი წინაპრებისაგან მიღებულ მემკვიდრეობას, ატარებს, გაუზიარებია პოეტურობა იმ სამყაროსი, რომელშიც თუში ცხოვრობს და რომელსაც თავის პოეზიაში ასახავს, მოუსმენია ღრმა მისტიციზმითა და მეტაფიზიკური სევდით სავსე თუშური სიმღერები, უნახავს თუშების ცეკვა, გათენებისა და შეღამების ცის ცქერისას უგრძვნია ღვთისშვილთა ინტიმური, ლამის ხელშესახები, სიახლოვე და შემდეგ მთელი ცხოვრება არ გაჰყოლია ამ მხარის ნოსტალგია. არ შეიძლება იგი იოლად არ მიხვდეს, თუ რატომ არ ერიდებიან თუშები არც გზის სიძნელეს და არც მთაში ცხოვრების სირთულეს და ყოველ გაზაფხულზე კვლავ ამგზავრდებიან, რათა ამ საოცარ სამყაროში გაატარონ რამდენიმე თვე, თუ რატომ არის, რომ ყოველ თუშურ სოფელში იპოვნით ერთ ან რამოდენიმე ადამიანს, რომელიც უკვე ათეული წლებია თოვლით დაფარულ მთების იდუმალებაში ატარებს უკიდურესად ცივ ზამთარს და ამით უძველეს და მარად ცოცხალ ღვთისმსახურებაში ჩართულად გრძნობს თავს.

ნაციონალური პარკი

თუშეთის დაცული ტერიტორიები

2003 წლის 22 აპრილს საქართველოს პარლამენტის კანონით მსოფლიო ბანკისა და გარემოს დაცვის გლობალური ფონდის საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ხელშეწყობით დაარსდა აღმოსავლეთ საქართველოს დაცული ტერიტორიები, მათ შორის თუშეთის დაცული ტერიტორიები, რომელიც მოიცავს თუშეთის ეროვნულ პარკს (83453 ჰა), თუშეთის დაცულ ლანდშაფტს (27903 ჰა) და 1981 წელს შექმნილ თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს (10694 ჰა), იგი სიდიდით პირველია მთელს ევროპაში. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს თბილისიდან 280 კმ. მანძილზე. ტერიტორია ვრცელდება 900-დან 4800 მ-მდე ზღვის დონიდან. იგი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. მნიშვნელოვანია ნაკრძლის ფიჭვნარი და არყნარი ტყეები. ნაკრძალი მოიცავს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა სახეობების არეალებსა და საბინადრო ადგილებს. აქ მობინადრე ცხოველებიდან აღსანიშნავია ნიამორი, აღმოსავლ ეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი, კრავიჭამია, შევარდენი, მთის არწივი და სხვა. ეს ტერიტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც წინააზიური ჯიქის გავრცელების არეალი. მისი რიცხოვნება მთელ კავკასიაში მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარით შემოიფარგლება.